English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘
სახელმწიფო ფუნქციის ტრანსფორმაცია პოსტ-პანდემიურ პერიოდში

კორონავირუსით შექმნილმა კრიზისმა გამოიწვია ბაზრის ყოვლისშემძლეობის მითის გადაფასება. კრიზისის მასშტაბის გათვალისწინებით, ზარალი, ეკონომიკური დანაკარგები საკმაოდ შთამბეჭდავია - გლობალური მასშტაბით იგი მრავალ ტრლნ დოლარს შეადგენს. ამგვარი კრიზისის დაძლევა კორპორაციათა ეკონომიკურ პოტენციალს აღემატება. ამის შესაძლებლობა გააჩნია მხოლოდ იმ ინსტიტუციას, რომელსაც სამართლებრივად და ორგანიზაციულად შესწევს უნარი განკარგოს  საზოგადოებრივი  რესურსები ერთიანი მიზნის მისაღწევად, ანუ სახელმწიფოს.

მსოფლიო ეკონომიკის ნებისმიერი სცენარით განვითარების შემთხვევაში, კრიზისიდან ქვეყნები გამოსვლას მოახერხებენ ინდივიდუალურად, დროის მიხედვით კი ამ გამოსვლას ექნება ასიმეტრიული ხასიათი.

პანდემიის პირობებში ადამიანთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა, ნაცვლად ადრინდელი „ტრიუმვირატისა“ (სახელმწიფო, საზოგადოება, პიროვნება), თითქმის მთლიანად თავის თავზე აიღო სახელმწიფომ. ამიტომ ქვეყნებს მოუწევთ სულ უფრო მეტი სახსრების გამოყოფა მათი შიდა სტაბილიზატორების - მედიცინის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  უზრუნველსაყოფად, რაც საზოგადოებრივ ურთიერთობებს უფრო ჰუმანურად, სოციალურად და გარკვეული ნიშნით, უფრო სოციალისტურად შეფერილადაც კი აქცევს.

რა პოტენციურ საფრთხეებს შეიცავს სახელმწიფოს როლის გაძლიერება?

კორონავირუსის პანდემიამ საზოგადოება დააყენა არჩევანის წინაშე: სასწორის ერთ მხარეს არის საზოგადოების წევრთა უფლებები და თავისუფლება, მეორე მხარეს კი მათ პირად ცხოვრებაში სახელმწიფოსა და მისი სტრუქტურების მხრიდან არასანქციონირებული შეჭრის, ოჯახების ტოტალური კონტროლის საფრთხე, რაც ქმნის ადამიანთა განწყობებისა და ქცევის მანიპულაციის ფართო შესაძლებლობას.

სოციალური დისტანცირება, რომელიც განიხილება როგორც დროებითი ღონისძიება პანდემიის პერიოდში, შეიცავს საზოგადოების ატომიზაციის, უთანასწორობის, ადამიანების საკუთარი პრობლემების ნაჭუჭში დარჩენის  საფრთხეს, ხოლო ჯანდაცვის, ტემპერატურის, გადაადგილების და უსაფრთხოების მუდმივი მონიტორინგი შეიცავს მოქალაქეებზე ტოტალური თვალთვალის, თვით მათი პოლიტიკური სიმპათიების და განწყობილების თაობაზე ინფორმაციის მიღების საფრთხეს.

სახელმწიფოს როლის ზრდას აქვს შეუქცევადი ხასიათი, რასაც, საბოლოო ჯამში, მივყავართ მშპ-ს სულ უფრო დიდი წილის გადანაწილებისაკენ სახელმწიფო ბიუჯეტის მეშვეობით, სახელმწიფოსა და ბიზნესის უფრო მეტი კოოპერაციისა და კოორდინაციისაკენ, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლებისაკენ და საერთაშორისო ინსტიტუტებისადმი „ნებაყოფლობით“ გადაცემული ფუქნქციების უკან დაბრუნებისაკენ, ეროვნული სახელმწიფოების ფორმალური და რეალური სუვერენიტეტის განმტკიცებისაკენ.

ადამიანის უსაფრთხოების ფასეულობის კრიტერიუმი არის ნორმალური თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობა. უსაფრთხოება განხილულ უნდა იქნეს როგორც ადამიანთა მაქსიმალური თავისუფლების უზრუნველყოფის საშუალება. სახელმწიფოს როლის, ფუნქციისა და მნიშვნელობის ზრდა არ უნდა გასცდეს ადამიანთა უსაფრთხოების, საკუთრების უფლების დაცვისა და საზოგადოების წევრთა ჰუმანიტარული უფლებების უზრუნველყოფის საზღვრებს.

საკვანძო სიტყვები: გლობალიზაცია, კორონავირუსის პანდემია, სახელმწიფოს ფუნქციები, სოციალური დაცვა, სახელმწიფოს შიდა სტაბილიზატორები.

JEL Codes: F02, H55, H75